Your cart is currently empty!
ᲠᲐᲛᲓᲔᲜ ᲮᲐᲜᲡ ᲣᲜᲓᲐ ᲐᲡᲔᲘᲠᲜᲝᲗ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲫᲐᲦᲚᲘ?
ძაღლის ყოველდღიური გასეირნება უზრუნველყოფს უამრავ ფსიქიკურ, ემოციურ და ფიზიკურ სარგებელს თითქმის ყველა ძაღლისთვის. გასეირნება მოიცავს ვარჯიშს, რაც კარგია თქვენი ძაღლის სხეულისთვის, თუმცა, გარდა ამისა, ეს პროცესი გონებრივადაც ასტიმულირებს თქვენს ძაღლს, რადგან ამ დროს მას შეუძლია შეიგრძნოს საინტერესო სუნი, შეხვდეს სხვა ადამიანებს, ცხოველებს და უბრალოდ გამოიკვლიოს მის გარშემო არსებული დიდი და მრავალფეროვანი სამყარო. გასეირნებას, ასევე, შეუძლია გაახალისოს სახლში გატარებული ხანგრძლივი დღეები და შეამსუბუქოს მოწყენილობა.
არსებობს ძაღლების კატეგორია, რომელთათვისაც ხანგრძლივი სეირნობა (ან საერთოდ გასეირნება) არ არის რეკომენდირებული. ეს კატეგორია მოიცავს ძაღლებს, რომელთაც აქვთ ჯანმრთელობის ან ფიზიკური პრობლემები, რაც ხელს უშლის მათ უსაფრთხოდ და კომფორტულად გასეირნებას. ზოგიერთ ძაღლს კი უბრალოდ არ სიამოვნებს ხანგრძლივი სეირნობა შიშის, შფოთვის ან სხვა მიზეზების გამო. თუ არ ხართ დარწმუნებული, კარგია თუ არა ბევრი სიარული თქვენი ოთხფეხა მეგობრისთვის, მიმართეთ თქვენს ვეტერინარს.
ᲠᲐᲛᲓᲔᲜᲘ ᲮᲜᲘᲗ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲐᲡᲔᲘᲠᲜᲝᲗ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲫᲐᲦᲚᲘ?
ამ კითხვაზე პასუხი დამოკიდებულია თქვენი ძაღლის ასაკზე, ჯიშსა და სხვა ფაქტორებზე.
ლეკვებს უფრო ხანმოკლე სიარული სჭირდებათ, ვიდრე ზრდასრულ ძაღლებს. ლეკვებს ბევრი ენერგია აქვთ, მაგრამ არა – დიდი გამძლეობა, ამიტომ ადვილად იღლებიან. ლეკვებს ყველაზე მეტად უხდებათ ხშირი, ხანმოკლე სეირნობა დღეში სამჯერ ან მეტჯერ დაახლოებით 5–დან 10 წუთის განმავლობაში.
ხანდაზმულ ძაღლებს პატარა ლეკვებთან შედარებით, ჩვეულებრივ, უფრო დიდხანს სიარული შეუძლიათ, მაგრამ ბევრ ხანდაზმულ ძაღლს უფრო ხანმოკლე სეირნობა სჭირდება, თავის ზრდასრულობის პერიოდთან შედარებით, რათა თავიდან აიცილონ სახსრებისა და კუნთების დაზიანება. იმისდა მიხედვით, თუ რამდენი წლისაა თქვენი უფროსი ძაღლი, მას ასევე შეიძლება ჰქონდეს ნაკლები გამძლეობა და უფრო სწრაფად დაიღალოს, ვიდრე ახალგაზრდა ზრდასრული ძაღლი.
ხანდაზმულებისთვის შესაფერისია დღეში ერთი ან ორი გასეირნება, დაახლოებით 20-დან 30 წუთის განმავლობაში. თუ თქვენი უფროსი ძაღლი შესანიშნავ ფორმაშია და თავადაც სურს გზის გაგრძელება, შეგიძლიათ კიდევ ცოტა ხანსაც იაროთ.
ზრდასრულ ძაღლებს, ლეკვებთან და უფროს ძაღლებთან შედარებით, ყველაზე დიდხანს შუძლიათ სიარული. თქვენი გასეირნება შეიძლება იყოს უფრო გრძელი ან მოკლე თქვენი ძაღლის ჯიშის, სხეულის ტიპისა და ენერგიის დონის მიხედვით. ზრდასრული ძაღლების უმეტესობა იმდენ ხანს დადის, რამდენ ხანსაც თქვენ ატარებთ. ამ ტიპის ძაღლებისთვის საუკეთესო ვარიანტია დღეში მინიმუმ ორი გასეირნება.
მცირე ჯიშებს, როგორებიცაა ჩიხუახუა, მალტეზე, პაპილონები, პომერანული და იორკშირ ტერიერი, ჩვეულებრივ ხანმოკლე გასეირნება ესაჭიროებათ. ამ პატარა ფეხებს გაცილებით მეტი მოძრაობა უწევთ, რათა იგივე მანძილი დაფარონ, რაც – უფრო დიდმა ძაღლებმა გრძელი ფეხებით.
ბრაქიცეფალურ ჯიშებს, ანუ, მათ, ვისაც შეწეული სახე აქვთ, როგორებიცაა ბოქსიორი, ბულდოგი, ფრანგული ბულდოგი და პაგი, ასევე შეიძლება ხანმოკლე სიარული დასჭირდეთ, რადგან მათმა საყვარელმა მოკლე დრუნჩმა ამ ძაღლებს შეიძლება სუნთქვა გაურთულოს, განსაკუთრებით კი ვარჯიშის დროს.
გრძელი ზურგისა და მოკლე ფეხების მქონე ძაღლის ჯიშებს, როგორებიცაა ბასეტი, ტაქსა, უელშ კორგი პემბროკი და შოტლანდიური ტერიერი, შეიძლება უფრო ხანმოკლე გასეირნება დასჭირდეთ, თუმცა ეს დამოკიდებულია ჯიშსა და კონკრეტულ ძაღლზე. ზოგიერთი მოკლეფეხა ძაღლი მაინც კარგად ახერხებს ხანგრძლივ სიარულს, ამიტომ გაესაუბრეთ თქვენს ვეტერინარს და სწორად განსაზღვრეთ თქვენი ძაღლის შესაძლებლობები.
პატარა ძაღლებისთვის, ბრტყელსახიანი ძაღლებისთვის და ჯუჯა ძაღლის ჯიშებისთვის, სეირნობა დაიწყეთ დაახლოებით 15-დან 30 წუთამდე, დღეში ორჯერ. გასეირნება დაიწყეთ შედარებით გრილ ამინდში, რათა თქვენს ძაღლს გაუადვილოთ ეს პროცესი. თუ თქვენს ძაღლს უყვარს სიარული და, თუ შეატყობთ, რომ მას სიამოვნებს ხანგრძლივი სეირნობა, შეგიძლიათ თანდათან გაზარდოთ გასეირნების დრო. ყოველთვის შეწყვიტეთ სეირნობა სანამ თქვენი ძაღლი ზედმეტად გადაიღლება.
საშუალო და დიდ ჯიშებს, როგორებიცაა ბიგლი, ინგლისური საგაზაფხულო სპანიელი, გოლდენ რეტრივერი და ლაბრადორი რეტრივერი, ჩვეულებრივ უფრო დიდხნიანი სეირნობა შეუძლიათ, თუ ძაღლი არის ჯანმრთელი და კარგ ფიზიკურ ფორმაშია. ამ ჯიშებს, როგორც წესი, მარტივად შეუძლიათ ზომიერი და ხანგრძლი გასეირნება.
ათლეტური ჯიშების, როგორებიცაა ავსტრალიური ნაგაზი, ბორდერ–კოლი, ციმბირული ჰასკი და ვეიმარანერი, მთავარი ნიშან–თვისება სისწრაფე და გამძლეობაა. ასეთ ჯიშებს არამარტო სიამოვნებთ ხანგრძლივი სიარული, არამედ მოითხოვონ კიდეც ამას (დამატებით სხვა ვარჯიშებსაც). ასეთი ფიზიკური დატვირთვა ამ ჯიშებისთვის აუცლებელია, რათა სახლში მათ თავი იგრძნონ მშვიდად და ბედნიერად.
საშუალო, დიდი და, განსაკუთრებით, ათლეტური ჯიშებისთვის, სეირნობა დაიწყეთ დაახლოებით 30-დან 60 წუთის განმავლობაში, დღეში ორჯერ. გასეირნების ხანგრძლივობა და სიხშირე გაზარდეთ იმ დრომდე, რომლის განმავლობაშიც თქვენი ძაღლი ყველაზე კომფორტულად და ბედნიერად იგრძნობს თავს.
ᲓᲦᲘᲡ ᲠᲝᲛᲔᲚᲘ ᲛᲝᲜᲐᲙᲕᲔᲗᲘᲐ ᲡᲐᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝ ᲫᲐᲦᲚᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲡᲔᲘᲠᲜᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ?
მიუხედავად იმისა, რომ ძაღლების უმეტესობა ყოველთვის მზად არის დღის თითქმის ნებისმიერ მონაკვეთში გასეირნებისთვის, დილა და ადრე საღამო სასეირნოდ ყველაზე კარგი დროა. დღის ეს მონაკვეთები საშუალებას მოგცემთ, რომ თქვენი ძაღლი ავარჯიშოთ და მოსასაქმებლად გაიყვანოთ სამსახურში წასვლამდე და სახლში დაბრუნებისთანავე. ეს ასევე დღის საუკეთესო დროა ზაფხულში, როდესაც შუადღის სიცხეში სიარული საფრთხის შემცველია, ამიტომ თქვენ შეგიძიათ ისარგებლოთ დაბალი ტემპერატურით დილით ადრე და გვიან საღამოს, როდესაც გარეთ არც ისე ცხელა.
ᲫᲐᲦᲚᲘᲡ ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝ ᲒᲐᲡᲔᲘᲠᲜᲔᲑᲐ
თუ თქვენს ძაღლს ჭარბი წონა ან ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა აქვს, ესაუბრეთ თქვენს ვეტერინარს სიარულის რუტინის დაწყებამდე. ზოგადად, უმჯობესია, რომ თქვენი ძაღლის სიარულის ხანგრძლივობა თანდათან გაზარდოთ. დაიწყეთ მოკლე გასეირნებით და, თუ თქვენი ძაღლი კარგად ეგუება აქტივობას, დრო გაზარდეთ რამდენიმე წუთით ყოველ რამდენიმე დღეში ერთხელ.
ყოველთვის დაასრულეთ სეირნობა, სანამ თქვენი ძაღლი ზედმეტად გადაიღლება. ნიშნები იმისა, რომ თქვენი ძაღლი იღლება, მოიცავს სიჩქარის შენელებას, ძლიერ სუნთქვას, სიარულის გაგრძელებაზე უარის თქმას ან დაწოლას. თუ ეს მოხდება, მიეცით თქვენს ძაღლს დასვენების დრო, შემდეგ წაიყვანეთ იგი სახლში და შეეცადეთ, რომ შემდეგი გასეირნება უფრო მოკლე იყოს.
მოერიდეთ ძაღლის ძლიერ სიცხეში გასეირნებას. ზაფხულის მაღალი ტემპერატურის დროს თქვენი ოთხფეხა მეგობარი გარეთ გაიყვანეთ გამთენიისას და შებინდებისას და აუცილებლობის შემთხვევაში შეამცირეთ მათი სიხშირე. ცხელ ტროტუარზე სიარულმა შეიძლება დაწვას ძაღლის მგრძნობიარე თათების ბალიშები, ხოლო ძლიერი სიცხის დროს ვარჯიშმა შეიძლება გამოიწვიოს გადახურება ან სითბური დარტყმა. სითბური დარტყმის ნიშნებია გადაჭარბებული სუნთქვა და/ან ძლიერი ნერწყვის დენა, ნათელი წითელი, ლურჯი ან მეწამული ფერის ენა ან ღრძილები, კანკალი, ღებინება, დიარეა და კოლაფსი. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ძაღლი სითბურ დარტყმას განიცდის, რაც შეიძლება მალე მოაშორეთ იგი სიცხეს, დაუსველეთ სხეული გრილი (არა ყინულივით) წყლით და სასწრაფოდ გამოიძახეთ ვეტერინარი.
თუ 30 წუთზე მეტ ხანს ივლით, უმჯობესია, თუ ძაღლს ყოველთვის დაალევინებთ წყალი. უფრო გრილ ტემპერატურაზეც კი, თქვენს ძაღლს შეიძლება მოსწყურდეს და ამის გამო გადახურდეს, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ მას გრძელი, სქელი ბეწვი აქვს ან არ არის მიჩვეული უფრო გრძელი მანძილის გავლას.
Leave a Reply